რუსეთში სომხეთის ელჩი გურგენ არსენიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სომხეთში გაკეთებული განცხადების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. გურგენ არსენიანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი შეხვდა. „დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს აცნობეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია სომხეთში, ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული ღონისძიების დროს, კიევის ნაცისტური რეჟიმის ლიდერისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის რუსეთის საწინააღმდეგო ტერორისტული მუქარის გამოსათქმელად ტრიბუნის დათმობა“, – ნათქვამია  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მოსკოვი აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ ერევანმა ზელენსკის სიტყვები ნეგატიურად არ შეაფასა, რაც ურთიერთობის პარტნიორულ ბუნებას ეწინააღმდეგება. „არსენიანმა პირობა დადო, რომ შეტყობინებას თავის ხელმძღვანელობას გადასცემს“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერევანში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთში 9 მაისის აღლუმზე შესაძლოა, უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ.