აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა, – ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სავიზო დეპოზიტის გადახდა არ მოუწევთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ეროვნული ნაკრებების იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ბილეთები უკვე შეიძინეს და FIFA PASS-ში 2026 წლის 15 აპრილამდე დარეგისტრირდნენ. „ჩვენ ვაუქმებთ სავიზო დეპოზიტს იმ კვალიფიცირებული გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები შეიძინეს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საკონსულო საკითხებში მორა ნამდარმა. ასევე, სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გაუქმდა ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელების, მწვრთნელებისთვის, დამხმარე პერსონალისთვის და მათი ახლობლებისთვის. აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამაში, რომელიც 15000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის გადახდას ითვალისწინებს, 50 ქვეყანა შედის. პროგრამაში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 5 ქვეყანაა, რომლებიც სავიზო დეპოზიტისგან გათავისუფლდებიან, კერძოდ, ალჟირი, კაბო-ვერდე, კოტ-დ’ივუარი, სენეგალი და ტუნისი.