“ ამერიკული მხარის საჯარო განცხადების მიუხედავად, რომ ირანის გეგმა უარყოფილი იყო, ჩვენ პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით მივიღეთ მათი მხრიდან გარკვეული პუნქტები და შესწორებითი შენიშვნები, “ – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა  განაცხადა.   ესმაილ ბაღეის   თქმით, მიზეზი, რის გამოც ირანი და ომანი მივიდნენ ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად მექანიზმების განსაზღვრის იდეამდე, 28 თებერვალს მომხდარი ინციდენტი იყო.   „საკითხს აქვს როგორც სამართლებრივი, ისე ლოგიკური საფუძველი. ის, რომ ირანი და ომანი, როგორც ორი სანაპირო სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე განსაზღვრავენ მექანიზმებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და დაცული გადაადგილების უზრუნველსაყოფად,  პრინციპში, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საკითხია. რა  თქმა უნდა, ამ ამოცანის შესრულება გარკვეულ ხარჯებთან  იქნება დაკავშირებული, რაც ასევე საერთაშორისო დონეზე  მიღებული საკითხია,“ – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მისი  თქმით, ირანის პირობებს შორისაა გაყინული აქტივების გათავისუფლებისა და სანქციების მოხსნის საკითხიც.   „რაც შეეხება ირანის აქტივების გათავისუფლების საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ირანის  პირობაა. ნება მომეცით, გითხრათ, რომ ეს ჩვენი სამართლიანი მოთხოვნაა. ჩვენ მეორე მხარისგან ფულის ჩუქებას არ ვითხოვთ. ეს არის კანონიერი მოთხოვნა იმ უსამართლობის გამო, რაც ირანის მიმართ განხორციელდა. წლების განმავლობაში ირანის აქტივები სხვადასხვა ბანკში იყო გაყინული და ირანს მათზე წვდომა არ ჰქონდა. ასევე, ირანის ერთ-ერთი მოთხოვნაა სანქციების მოხსნის საკითხიც,“ – აღნიშნა  ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.