ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის „ციხეები და პატიმრები ევროპაში“ მიხედვით, საქართველო ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში ფიქსირდება, სადაც, დოკუმენტის შეფასებით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ხშირად ანიჭებენ უპირატესობას.
კვლევის თანახმად, რეგიონში პირველ ადგილზეა თურქეთი – ყოველ 100 000 მოსახლეზე 458 პატიმრით. მას მოსდევს აზერბაიჯანი 271 პატიმრით, მოლდოვა – 245-ით, ხოლო საქართველო – 232 პატიმრით.
დოკუმენტი 2025 წლის 31 იანვრის მონაცემებს ეყრდნობა და აჩვენებს, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ 8 592 პატიმარი იყო.
ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2024-2025 წლებში პატიმრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, საქართველოში ეს მაჩვენებელი 11%-ით არის შემცირებული.
ანგარიშის მიხედვით, პატიმრობის ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა უკრაინაში – 18%-ით, სლოვაკეთიში – 16%-ით, ესტონეთში – 9.8%-ით, ხოლო პოლონეთში – 6%-ით.