თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისთან არსებული ოფიციალური ურთიერთობები უნდა შეწყდეს.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო „ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება“.

მისი თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ „ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის“ გამო ზიანდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული ურთიერთობები თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის.

კახა კალაძე ასევე აცხადებს, რომ გერმანია „უდიდესი გამოწვევების წინაშეა“ და აკრიტიკებს გერმანელ ბიუროკრატებს იმის გამო, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებით არიან დაკავებული.

ცნობისთვის, გერმანული გამოცემა “Saarbruecken Zeitung”  წერს, რომ 51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ ზაარბრიუკენი თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისის მიერ მომზადებული რეზოლუცია საქალაქო საბჭოს სხდომაზე უნდა განიხილონ. მერი დაძმობილებულ ქალაქთან ყველა კონტაქტის შემდგომ შეტყობინებამდე შეჩერების რეკომენდაციას იძლევა.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები სახელდება.