საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქში რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.- ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე მოძრაობა შეიზღუდება ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შეზღუდვების პერიოდში სოლიკო ვირსალაძის ქუჩიდან და გიორგი ჭანტურიას ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით.
ასევე, 24 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის ჩათვლით მოძრაობა დამატებით შეიზღუდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე იტალიის ქუჩასა და ათონელის ქუჩაზე.
დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების გამო მოძრაობის შეზღუდვები შეეხება თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებსაც. კერძოდ, 20 მაისის 20:00 საათიდან 21 მაისის 01:00 საათამდე, ასევე 21 და 22 მაისს 10:00-დან 14:00 საათამდე ავტომობილები ვერ იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩიდან და შალვა დადიანის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
შოთა რუსთაველის გამზირიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრამდე “გალერია თბილისი“, რის შემდეგაც ავტომობილები უკუმიმართულებით დაბრუნდებიან.
თბილისის მერიის განცხადებით, ალტერნატიულ მარშრუტებად განსაზღვრულია გიორგი ლეონიძის ქუჩა, პავლე ინგოროყვას ქუჩა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა.
ცვლილებები შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩასაც – შეიცვლება მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან.
გარდა ამისა, 24 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის 08:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე.