საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და დასავლეთის მიმართ გამოყენებული რიტორიკა ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს.
„ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა,“ – განაცხადა გერმანიის ელჩმა ტელეკომპანია “ტვ პირველთან” ინტერვიუში, სადაც ის თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებებს გამოეხმაურა.
პეტერ ფიშერის თქმით, გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილება, თბილისთან ოფიციალური კავშირების შეჩერებასთან დაკავშირებით, ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა საკითხი უკვე განხილვის პროცესშია.
ელჩის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებობს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ევროკავშირთან დაშორების გამო.
ფიშერმა ასევე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ნარატივები „დიფ სთეითისა“ და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების შესახებ. მისი თქმით, მსგავსი გზავნილები კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება.
გერმანელი დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურდა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთად დაწინაურებულიყვნენ, თუმცა ახლა საქართველო ამ პროცესს ჩამოშორდა.
ცნობისთვის, გერმანული გამოცემა Saarbruecken Zeitung წერდა, რომ 51-წლიანი პარტნიორობის შემდეგ ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალური ურთიერთობების შეჩერებას გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, ქალაქის მერის, უვე კონრადტი ოფისმა შესაბამისი რეზოლუციის პროექტი უკვე მოამზადა.
ამ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანელ ხალხს „სამძიმრის წერილით“ მიმართა. მისი განცხადებით, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.