„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს.
მისი თქმით, 9 თვის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად, სასამართლო პროცესი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა, ხოლო საქმეში ძირითადად მისი საჯარო განცხადებები ფიგურირებს.
„პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო? არაფერი მაქვს ასაღიარებელი. საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას ან ვინმეს დაშავებას არ მედავებიან“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქმეში არ არსებობს დაზარალებული, კონკრეტული ობიექტი ან რაიმე სარგებელი, რომელიც მას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უნდა მიეღო.
ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ პროცესზე სამი მოწმე წარადგინა, თუმცა ორი მათგანი სასამართლოში საერთოდ არ გამოჩენილა. მისი შეფასებით, საქმე მთლიანობაში მხოლოდ რამდენიმე ვიდეომასალასა და საჯარო განცხადებებს ეფუძნება.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 317-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელისათვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს.
ამავე საქმეზე ბრალდებული იყო მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც გამოძიებისთვის ხელის შეშლას და გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას ედავებოდნენ.
ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი 21 მაისს, 14:00 საათზე გამოცხადდება.