ირანში პოლიტიკური დაპირისპირების შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება. მედიაპლატფორმა „ირან ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის, გადადგომის ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
გამოცემის ანონიმური წყაროს თანახმად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ქვეყნის მართვასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში გადამწყვეტი გავლენა აქვს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, რის გამოც სამოქალაქო ხელისუფლება ფაქტობრივად პროცესებიდან ჩამოშორებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტსა და რევოლუციის გუშაგთა კორპუსს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა აშშ-ირანის ომისა და მისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგების ფონზე. წყაროების მტკიცებით, ფეზეშკიანი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში მთავრობის ხელმძღვანელობა და საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულება შეუძლებელია.
თუმცა ოფიციალური თეირანი ამ ცნობებს კატეგორიულად უარყოფს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ფეზეშკიანი თანამდებობაზე რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. მათი თქმით, გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ამ დროისთვის პრეზიდენტის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა და ოფიციალურად დადასტურებული არ არის.