უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში მდებარე რუსულ მშრალტვირთმზიდ გემ „ლეონიდ პესტრიკოვს“ დაარტყეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, იერიშის შედეგად გემმა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმა რამდენიმე ტიპის დრონით განხორციელდა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფები, რომლებმაც სამიზნედ რუსული სამხედრო ლოგისტიკისთვის გამოყენებული ობიექტები აირჩიეს.
უკრაინული წყაროების თანახმად, გემთან ერთად დაზიანდა და განადგურდა რუსული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ნაწილიც, მათ შორის სატვირთო ავტომობილები, საბრძოლო მასალები და საწვავის ცისტერნები. საბოლოო ზარალის შეფასება ამ დრომდე გრძელდება.
„ლეონიდ პესტრიკოვი“ რუსული RSD59-ის ტიპის მდინარე-ზღვის კლასის მშრალტვირთმზიდია, რომელსაც რუსეთი სხვადასხვა სახის ტვირთების გადასაზიდად იყენებს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მსგავსი ხომალდები ხშირად ერთვებიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ ოპერაციებში.
ბერდიანსკი, რომელიც 2022 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, უკრაინული დარტყმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნედ რჩება, რადგან ქალაქის პორტს რუსული ძალები სამხედრო და სატრანსპორტო დანიშნულებით იყენებენ.