თბილისის მერმა, კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატებისას კომპანია „არქის“ დამფუძნებელთან, ილია წულაიათან მეგობრულ ურთიერთობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
კალაძის განცხადებით, ილია წულაია მისი ბავშვობის მეგობარია და მისი შვილის ნათლიაც არის, თუმცა ეს, მისი თქმით, არ ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს კომპანია „არქის“ მიმართ რაიმე განსაკუთრებული ან არასწორი გადაწყვეტილება მიუღია.
„რომელი წლიდან არის „არქი“ სამშენებლო ბიზნესში? 2006 წლიდან, მაშინ, როდესაც მე საფეხბურთო კლუბ AC Milan-ში ვთამაშობდი. „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ, არის ჩემი შვილის ნათლია, თუმცა ეს რა შუაშია? ან რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი ან ჩემი ბავშვის ნათლია?“ – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ დადასტურდება, რომ მუნიციპალიტეტმა „არქის“ ან რომელიმე სხვა კომპანიის სასარგებლოდ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, იგი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
„თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ და ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს არასწორი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, გპირდებით, რომ თანამდებობას დავტოვებ და საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
განცხადება კალაძემ პოლიტიკოს ნიკა ობოლაძეს მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მის პირად კავშირებსა და კომპანია „არქთან“ დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.