თბილისის მერის, კახა კალაძე განცხადებით, მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით ახალი ალტერნატიული შემოსასვლელის მოწყობის შესაძლებლობა განიხილება და ამ მიმართულებით კვლევითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს აღნიშნა, საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება, რა ტიპის პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.
„ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ავჭალა-ზაჰესის გავლით, ლილოს მიმართულებით ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებს ქალაქში შემოსვლის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
„ასევე, ავჭალა-ზაჰესის გავლით ლილოს მიმართულებით, ქალაქში შემოსვლის გარეშე რომ გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.