რუსეთმა საფრანგეთის ხელისუფლებისგან ტანკერ Tagor-ის დაკავების გარემოებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვა განაცხადა.

ზახაროვას თქმით, საფრანგეთში რუსეთის საელჩომ უკვე მიმართა პარიზს შესაბამისი მოთხოვნით და ამავდროულად ეკიპაჟში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ყველა აუცილებელ ზომას იღებს.

„საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, რომ პარიზმა მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ და იღებს ყოვლისმომცველ ზომებს ეკიპაჟში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის მოქმედებები და განაცხადა, რომ ეს „ევროპული სამართლებრივი ნიჰილიზმისა და ნორმების საკუთარი მიზნების შესაბამისად გადაწერის“ მაგალითია.

ცნობისთვის, საფრანგეთის ატლანტიკური რეგიონის საზღვაო პრეფექტურამ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთიდან მიმავალი ტანკერი დააკავა. საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გემი ცრუ დროშის ქვეშ მოძრაობდა და საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებდა.

საქმეს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, ღია ზღვაში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით განხორციელდა.

„მიუღებელია, რომ გემები თავს არიდებდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკვე ოთხ წელზე მეტია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაკრონმა.