საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე საქართველოში პეტერ ფიშერის მიერ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გერმანელი დიპლომატის შეფასებები „არასერიოზულია“.

კობახიძის თქმით, ფიშერის კომენტარები მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს.

„აშკარად აჭრილია, ბატონი ფიშერი. სხვას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზულია ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები. ამ ყველაფრის სერიოზული შეფასება არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე, ხალხზე და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე გააკრიტიკა გერმანიის ოფიციალურ ვებგვერდებზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ არსებული ინფორმაციის განუახლებლობა. მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე კვლავ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი არის მითითებული.

„გერმანული ხელისუფლების ეს ნაბიჯები არასერიოზულია, ისეთივე არასერიოზული, როგორიც არის გერმანიის ელჩი საქართველოში და მისი ქმედებები. საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც დასანანია“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშვნა ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით საქართველოში განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს და აღნიშნა: „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს ვიყო რუსი, თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა კი, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“.