„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერის კახა კალაძეს დაპირება „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ შესახებ არ შესრულდა და დედაქალაქი საცობებისა და ჯარიმების ქალაქად იქცა.

ფავლენიშვილის თქმით, ქალაქში გაუარესდა სატრანსპორტო მდგომარეობა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე კერძო ავტომობილების მიმართულებით. მისი შეფასებით, მერი მოსახლეობას ჯარიმებითა და საპარკინგე სივრცეების შემცირებით აიძულებს უარი თქვას კერძო ავტომობილებზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლება არ ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, რაც, მისი თქმით, ქალაქის სატრანსპორტო პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს.

ფავლენიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მერიის პოლიტიკა იწვევს კადრების პოლიტიზაციას და განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების გათავისუფლებას, ხოლო მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ტრაგიკული შემთხვევების მიზეზი ხდება.

კრიტიკის ადრესატი კახა კალაძე ამ ეტაპზე ბრალდებებს საჯაროდ არ გამოხმაურებია.