უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერს ღია წერილით მიმართა, რაც ომის დასრულებისკენ მიმართული ერთგვარი დიპლომატიური ულტიმატუმია. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფლიქტი გადამწყვეტ ფაზაში შედის, სადაც გადაწყვეტილებები აღარ მიიღება მხოლოდ ველზე, არამედ გლობალური აქტორების მონაწილეობით ახალი უსაფრთხოების კონფიგურაციის ძიებაში.
დიპლომატიური ჩიხი და „ნეიტრალური“ მოედნის საკითხი
ზელენსკის გზავნილი პრინციპულია: ის კატეგორიულად გამორიცხავს მოსკოვში ვიზიტს და საპასუხოდ მეორე მხარეს სთავაზობს ნეიტრალურ ტერიტორიას – შვეიცარიას, თურქეთს ან არაბული სამყაროს ქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ომი ევროპაში მიმდინარეობს, ამიტომ პროცესში ევროპელების, კერძოდ კი აშშ-ის ჩართულობა, უსაფრთხოების გარანტიების კუთხით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კრემლის პოზიცია ამ ეტაპზე თავშეკავებულია. დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს წერილის გაცნობის დრო ჯერ არ ჰქონია, თუმცა პოზიცია უცვლელია – მოსკოვი მოლაპარაკებებს საკუთარ ტერიტორიაზე ელოდება, რაც კიევისთვის მიუღებელია.
„ბაიდენის ომი“ „ტრამპის ომად“ იქცა?
ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მიუხედავად დონალდ ტრამპის ოპტიმისტური განცხადებებისა, რომ ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრა „შესანიშნავი“ იქნება, ვაშინგტონის რეალური ნაბიჯები განსხვავებულ სურათს ხატავს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახალი, მკაცრი სანქციების პაკეტი და უკრაინისთვის მასშტაბური ფინანსური და სამხედრო დახმარების კანონპროექტი მიიღო. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ღიად საუბრობს იმედგაცრუებაზე და აცხადებს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის მიუხედავად, აშშ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს, რითაც „ბაიდენის ომი“ ფაქტობრივად „ტრამპის ომად“ გადაიქცა.
ისტორიული ფონი და არსებობისთვის ბრძოლა
ზელენსკის წერილის ყველაზე დრამატული ნაწილი არა მოლაპარაკების შეთავაზება, არამედ ის „მუქარაა“, რომელიც ისტორიულ პარალელებს ეფუძნება. უკრაინის პრეზიდენტი პუტინს აფრთხილებს: თუ ომი არ დასრულდება, პუტინს მოუწევს ბრძოლა არა რუსეთის, არამედ საკუთარი პერსონალური არსებობისთვის. ეს არის პირდაპირი მინიშნება რუსეთის ისტორიის იმ ციკლებზე, როდესაც ხანგრძლივი და დამქანცველი ომების შედეგად რეჟიმები იცვლებოდა.
შეჯამების სახით, ჩვენ ვხედავთ კომპლექსურ ვითარებას: კიევი ცდილობს დიპლომატიური ზეწოლა გააძლიეროს, რუსეთი ცდილობს დრო მოიგოს, ხოლო აშშ, შიდა პოლიტიკური დებატების მიუხედავად, კვლავინდებურად რჩება გადამწყვეტ მოთამაშედ, რომელიც უკრაინას არა მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ სამხედრო მხარდაჭერის ინსტრუმენტებითაც ამაგრებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი:
„როცა 26 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთს ხელმძღვანელობდით, უკრაინაში ბევრი ადამიანი დადებითად იყო თქვენ მიმართ განწყობილი. ასე იყო. მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონები, 1 000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის შემდეგ, სანკტ-პეტერბურგში თქვენი ფორუმის გახსნას ესტუმრნენ. როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ეს მანძილი ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის.
თქვენი მმართველობის 26-მა წელმა სრულიად შეცვალა უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. ვაჭრობისა და სხვა სამოქალაქო საკითხების განხილვიდან ჩვენი ხალხები მხოლოდ დარტყმებისა და დანაკარგების თემაზე გადავიდნენ. რუსეთში ხელისუფლებაში ყოფნის თქვენი 26 წლიდან თითქმის ნახევარი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაატარეთ. რაც არ უნდა თქვათ ნატო-ზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია – ომი რეალური მიზეზის გარეშე. სწორედ ასე დაიმახსოვრებს მას ისტორია. ეს დრო შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად გამოყენებულიყო.
ხშირად გვესმის, რომ ომი თქვენ გაწყობთ. რა თქმა უნდა, არა მაშინ, როცა საქმე ვალდაიში თქვენი რეზიდენციის უსაფრთხოებას ან მოსკოვში აღლუმს ეხება. საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია. მაგრამ ახლა ყველანი ვხედავთ, რომ ეს საბოლოოდ თავად რუსებსაც აღარ აწყობთ – ომს რუსეთში სულ უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს. მათ არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები. არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა. არ მოსწონთ მუდმივი აკრძალვები. არ მოსწონთ თქვენი განზრახვა მობილიზაციის მეორე ტალღასთან დაკავშირებით, რათა ომი უკრაინაში სხვა მიმართულებებზე გააფართოოთ ან რუსეთის სხვა მეზობლების წინააღმდეგ მიმართოთ. არ მოსწონთ, რომ თქვენს ომს დასასრული არ უჩანს.
დიახ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, აიძულოთ რუსები ასეთ პირობებში იცხოვრონ. მაგრამ თქვენი რესურსები მნიშვნელოვნად შემცირდა. თქვენ აღარ გეყოფათ არც ფული და არც პოლიტიკური ძალაუფლება, რათა რუსების ერთგულება ისე იყიდოთ, როგორც ამას 26 წლის განმავლობაში აკეთებდით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიომაც იზრუნოს ამაზე. როგორც თავად ამბობთ, „ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს“.
გუშინ მივიღე ანგარიში თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ უკრაინის ფრონტზე მაისის თვეში. ეს კვლავ 30 ათასზე მეტი მოკლული და მძიმედ დაჭრილი რუსია. ჩვენ ყოველ თვე ზუსტად ასეთ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ და თითოეული თქვენი დანაკარგის ვიდეოდადასტურება გვაქვს – ეს უსაფუძვლო განცხადება არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ფრონტზე თქვენი დანაკარგების 63 პროცენტი დაღუპულია და მხოლოდ 37 პროცენტი დაჭრილი. 21-ე საუკუნეში არმიები ასეთ ბალანსს ვერ ინარჩუნებენ. მომავალში დაღუპულთა წილი კიდევ გაიზრდება.
საქმე ის არ არის, რომ ჩვენ უკრაინაში რუსებზე ვდარდობთ იმის შემდეგ, რაც თქვენმა ომმა უკრაინას მოუტანა. მაგრამ მე უკრაინელებზე ვზრუნავ. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს და ყოველი დანაკარგი გვტკივა. და მაშინაც კი, თუ უკრაინული დანაკარგების თანაფარდობა რუსულ დანაკარგებთან შედარებით ერთია ხუთთან ან ერთია ექვსთან, ამას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ რეგულარულად, ყოველ რამდენიმე თვეში ჩვენი რეგიონების, პირველ რიგში კი, დონეცკის ოლქის, დაპყრობის ვადებს წევთ. ვერც წელს დაიკავებთ მას. მაგრამ ჩვენ უკრაინაში მუდმივი ომი არ გვინდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ომის გარეშე ცხოვრება უკეთესია. ამის მიღწევა გვინდა. დარწმუნებული ვარ, რუსების უმრავლესობაც მზადაა, ამაზე დადებითი პასუხი გასცეს და თქვენ ეს იცით.
ბევრს არ სჯეროდა, რომ უკრაინა თავდაცვაში ამდენ ხანს გაძლებდა. თქვენ არ გჯეროდათ. არც მათ სჯეროდათ, ვინც რჩევებს გაძლევდათ. ეს შეცდომა იყო. თქვენ არ ელოდით უკრაინის სრულმასშტაბიან წინააღმდეგობას და ვერ იწინასწარმეტყველეთ, რომ მოვლენები ასე შორს წავიდოდა. მაგრამ აი, უკვე სრულმასშტაბიანი დაპირისპირების მეხუთე წელიწადში ვართ.
ნუ შეგეშინდებათ ომიდან გამოსვლის – ახლა თქვენგან სწორედ ეს არის საჭირო. უკრაინამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. და შეინარჩუნებს. მიუხედავად ნებისმიერი სხვა პროგნოზისა. ჩვენ შევძელით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაერთიანება უკრაინის დასაცავად და თქვენ წინააღმდეგ. ვიპოვეთ იარაღი და ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას, თქვენ – სანქციებს. და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე უკრაინისთვის სამართლიანობა არ დადგება – ის, რაც ჩვენ გვინდა და რასაც შეიძლება მივაღწიოთ.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ წარმატებას მიაღწიონ მათ, ვინც ცდილობს, დაგარწმუნოთ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად შემსუბუქდება და უკრაინის მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდება, თუ უკრაინის მიმართ თქვენს პოზიციაში არსებითი ცვლილება არ მოხდება. ორბანის მაგალითი აჩვენებს, რა სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ ომში რუსეთისთვის დახმარებას ირჩევენ.
უკრაინამ გადაიტანა მძიმე ზამთრები, როდესაც თქვენ ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განადგურებას ცდილობდით. ჩვენ გადავრჩით და სიბნელეშიც კი უკრაინელთა სიმტკიცე შენარჩუნდა. ჩვენ ომი თქვენს ტერიტორიაზე მოვიტანეთ და ამას ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე ვერ შეძლებდით. თქვენ პირველი რუსი მმართველი ხართ, რომელსაც დახმარებისთვის ფხენიანისთვის მიუმართავს. და დღეს თქვენ სრულად ხართ დამოკიდებული ჩინეთზე – ესეც პირველად ხდება რუსეთის ისტორიაში.
თქვენ ელოდით, რომ უკრაინელებს თავდაცვის ძალა არ ეყოფოდათ, მაგრამ ახლა ჩვენი ბიჭები ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენი პარტნიორების თავდაცვის გაძლიერებაშიც მონაწილეობენ. თქვენ იმედოვნებდით, რომ უკრაინაში შიდა არეულობა დაიწყებოდა, მაგრამ თქვენ წინააღმდეგ აჯანყდნენ სწორედ თქვენივე სამხედრო ფორმირებები.
23 ივნისი კიდევ ერთი წლისთავი იქნება და დუმილი ამ ფაქტს ისტორიიდან ვერ წაშლის. ახლა კი თქვენი საკუთარი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და პროპაგანდისტებიც აშკარა დაღლილობით გიყურებენ. მსოფლიო ამას ხედავს. მსოფლიო არ დაღლილა უკრაინით, რისი იმედიც, დიდი ხანია, გაქვთ. მაგრამ დაღლილობა რუსეთით უკვე არსებობს – მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში და თქვენი ეკონომიკის შენარჩუნებაში გეხმარებიან. თქვენ ამას ვერ ამჩნევთ.
26 წლის შემდეგ ასაკმაც დაიწყო თავისი გავლენის მოხდენა. რაც უფრო წინ წახვალთ, მით უფრო დაიღლებით. ჩვენ ვიხილეთ სადაზვერვო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ახლა 2027 და 2028 წლების ომის გეგმებს განიხილავთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ, ბალისტიკური იარაღი შეძლებს იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გსურთ, ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ომში და ახლა ჩვენც იძულებული ვართ, ამისთვის მოვემზადოთ. ვხედავთ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ყველა მეზობელს ემუქრებიან.
მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა? არჩევანი ახლა თქვენზეა. საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზება აქვს. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება.
ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები მთელ ყურადღებას ირანის საკითხს უთმობს და არასწორია უბრალოდ დაველოდოთ ევროპაში ომის დაწყებას, რათა მათი ყურადღება მივიღოთ. უკრაინა ომის დასრულებას ჩვენსა და თქვენ შორის ფორმატში სთავაზობს. გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა. მაგრამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს – კიევში. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების გადასაწყვეტად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები – ბევრს შეუძლია და სურს ამ შეხვედრის მასპინძლობა. სწორედ ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს – ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.
გთავაზობთ, შეხვედრის კონკრეტული თარიღი განვსაზღვროთ. გავიგეთ, რომ ალასკაში დაგპირდნენ, თითქოს უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი გადაწყდებოდა. მაგრამ ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. ჩვენ შორის დაწყებულ ორმხრივ ფორმატს სხვა მონაწილეებიც შეიძლება შეუერთდნენ. რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენ კი უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, თქვენ კი უსაფრთხოების გარანტიები თქვენთვის გსურთ, ლოგიკურია პროცესში იმათი ჩართვაც, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია – იმ ქვეყნების, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ პროცესში უნდა იყოს შეერთებული შტატებიც და სწორედ ამან შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონფიგურაცია.
ჩვენ უკვე გვქონდა რუსეთთან მრავალი შეთანხმებისა და მინსკის შეთანხმებების გამოცდილება, რომლებმაც არ იმუშავა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიპოვოთ ორმხრივი პასუხები არსებულ კითხვებზე და არ დავიმალოთ რთული საკითხებისგან სხვადასხვა ფორმულირების, ტექნიკური ჯგუფების ან უშედეგო შუამავლური დიპლომატიის უკან. თქვენი ომით უკრაინა და რუსეთი სამუდამოდ დააშორეთ ერთმანეთს.
ფრონტის ხაზი ახლა ის ხაზია, საიდანაც დიპლომატია უნდა დაიწყოს. უკრაინა მზად არის, სრულად შეწყვიტოს ცეცხლი იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე მოლაპარაკებები გაგრძელდება. ეს სტანდარტული პრაქტიკაა, რასაც ახლა ირანის გარშემო არსებული ვითარებაც ადასტურებს. რეალური სიჩუმის დამყარების მცდელობა საუკეთესო დასაწყისია ერთმანეთთან საუბრის დასაწყებად. გვჯერა, რომ ეს იქნება არა უბრალოდ მცდელობა, არამედ ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა – თუ თქვენ ეს გსურთ. თქვენ იცით, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი ხაზის გასწვრივ უზრუნველყოს. უკრაინა მზად არის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით „ყველა ყველას სანაცვლოდ“ და ეს შეიძლება კარგი პროლოგი იყოს ომის დასასრულისთვის. სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ომის დროს წაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დასაბრუნებლად. უნდა განვსაზღვროთ, როგორი იქნება მომავალი უკრაინელებისა და რუსების ყველა მომავალი თაობისთვის.
თუ თქვენ პირადად არ მიხვალთ იმ აზრამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა საკუთარი არსებობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ თქვენც გაცილებით უფრო მძიმედ მოგიწევთ ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის – არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის. და ეს არც ჩემი და არც უკრაინის მუქარა არ არის. ეს ფაქტებია რუსეთის ისტორიიდან, რომლებიც თქვენ კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ჩვენ შეგვიძლია, ასეთ დაღლილობაზე ვიმუშაოთ. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ომი შეაჩეროთ. მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. დიდება უკრაინას!“