4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ რვა პირს – ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაამტკიცა. რვავე ბრალდებულს სამი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა ყველა ბრალდებული, გარდა ევა შანშიაშვილისა, რომელიც გირაოს საფუძველზე უკვე თავისუფლებაში იმყოფებოდა.
პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს და საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ ცნეს.
ამავე საქმეზე კიდევ შვიდმა ბრალდებულმა – გიორგი ჩახუნაშვილმა, ია დარახველიძემ, ზაქრო ალბუთაშვილმა, დავით ჟღენტმა, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ , ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ და მათი საქმის განხილვას მოსამართლე გიორგი გელაშვილი გააგრძელებს.
ბრალდების მიხედვით, დაკავებულებს ედავებოდნენ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთო ჯამში 64 პირს დაეკისრა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 ბრალდებულთან არის გაფორმებული, რომელთაგან შვიდი პირი დღეს სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.