ისრაელსა და ირანს შორის ბოლო სამხედრო ესკალაციამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის არსებული უთანხმოება საჯარო გახადა. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ორი ლიდერის ინტერესები სულ უფრო მეტად სცილდება ერთმანეთს, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლია და ვაშინგტონი კვლავ ინარჩუნებს გადამწყვეტ გავლენას ისრაელზე.

ისრაელსა და ირანს შორის ბოლო დაპირისპირებამ, რომელიც ივნისში სარაკეტო დარტყმებისა და საპასუხო ოპერაციების ფონზე განვითარდა, კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ურთიერთობების შესახებ.

ორივე ლიდერი წლების განმავლობაში მჭიდრო პოლიტიკური მოკავშირეების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ნეთანიაჰუ ტრამპს „ისრაელის საუკეთესო მეგობარს თეთრ სახლში“ უწოდებდა, ხოლო ტრამპი არაერთხელ აქებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს. თუმცა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ მათ შორის უთანხმოება შესაძლოა უფრო ღრმა იყოს, ვიდრე აქამდე ჩანდა.

მედიის ინფორმაციით, ტრამპმა გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და დაადანაშაულა აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის ხელის შეშლაში. ვაშინგტონში შიშობენ, რომ ისრაელის სამხედრო ესკალაციამ შესაძლოა ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალოს.

დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ეს პირველი მსგავსი შეტევა იყო მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ, პაკისტანის შუამავლობით, აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.

ტრამპმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა, რომ ირანთან შესაძლო შეთანხმების საკითხში საბოლოო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის.

„გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ის არ იღებს გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპისა და ნეთანიაჰუს ინტერესები დღეს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. შეერთებულ შტატებში ირანთან ომი არაპოპულარულია და ტრამპს სურს სწრაფი შეთანხმება, რომელიც რეგიონში დაძაბულობას შეამცირებს. ნეთანიაჰუსთვის კი ირანთან დაპირისპირების გაგრძელება შესაძლოა შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი იყოს.

ექსპერტების აზრით, თავდაპირველად ორივე მხარეს ეგონა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია სწრაფ შედეგს გამოიღებდა, დაასუსტებდა თეირანის ხელისუფლებას და დააზიანებდა ქვეყნის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა.

დამატებით პრობლემად იქცა ეკონომიკური ფაქტორი. ჰორმუზის სრუტეში შექმნილმა კრიზისმა მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია, რაც ტრამპისთვის შიდა პოლიტიკური გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ვაშინგტონი სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული ირანთან შეთანხმების მიღწევით.

მიუხედავად პერიოდული დაძაბულობისა, აშშ კვლავ რჩება ისრაელის მთავარი სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური მხარდამჭერი. ვაშინგტონი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას აწვდის ისრაელს და საერთაშორისო ასპარეზზე მის მთავარ დამცველად ითვლება.

ისრაელელი ჟურნალისტი გიდეონ ლევი მიიჩნევს, რომ ამ დამოკიდებულების პირობებში ნეთანიაჰუსთვის ტრამპის იგნორირება რთულია.

„ისრაელი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ დონალდ ტრამპს უარი უთხრას. ამ ეტაპზე აშშ-ზე დამოკიდებულება უპრეცედენტო დონეზეა,“ – აცხადებს ლევი.

მეორე მხრივ, ნეთანიაჰუს შიდა პოლიტიკური მდგომარეობა მას აიძულებს, უფრო აგრესიული კურსი შეინარჩუნოს. ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ისრაელის საზოგადოებაში მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უახლოეს თვეებში უნდა გაიმართოს.

დამატებით ფაქტორად რჩება ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული საქმე და მის მიმართ გაცემული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაკავების ორდერი, რომელიც ღაზაში მიმდინარე ომს უკავშირდება. ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, ხელისუფლებაში დარჩენა ნეთანიაჰუსთვის პოლიტიკური გადარჩენის საკითხიც გახდა.

თუმცა ყველა ექსპერტი არ ფიქრობს, რომ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის არსებული დაპირისპირება რეალურ განხეთქილებას წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები პრაქტიკულ ნაბიჯებში არ აისახება.

მათი შეფასებით, მიუხედავად მწვავე რიტორიკისა, ვაშინგტონი კვლავ აგრძელებს ისრაელის სამხედრო დახმარებასა და დიპლომატიურ მხარდაჭერას, რაც აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უცვლელი რჩება.

ამ ფონზე, მთავარი კითხვა კვლავ ღიად რჩება: შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ნეთანიაჰუზე რეალური ზეწოლის მოხდენას, თუ მათი საჯარო უთანხმოება მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

წყარო