საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება და პარტია რეფორმირების ეტაპზე გადადის.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, პარტიის განახლების მიზნით „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდება ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი.
მისი თქმით, პარტიას სჭირდება ფუნდამენტური განახლება, დეცენტრალიზაცია და ახალი ადამიანებისთვის გახსნა, რათა ის კვლავ „სახალხო ორგანიზაციად“ ჩამოყალიბდეს.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, პარტიას სჭირდება გააქტიურება და თანამედროვე მიდგომების დანერგვა, მათ შორის ტექნოლოგიური განვითარება და ახალი ტიპის ორგანიზაციული მოდელის შექმნა.
მისივე განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს მისი სრული ნდობა და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად იმუშავებს რეფორმების განხორციელებაზე.
სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ პარტია უნდა იყოს ღია ახალი წევრებისთვის და დაეფუძნოს ერთგულებასა და იდეალიზმს.
მისი შეფასებით, მიმდინარე საერთაშორისო პროცესების ფონზე ოპოზიციამ უნდა გადაინაცვლოს „გამარჯვების ტალღაზე“ და მოემზადოს მომავალი არჩევნებისთვის.