საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების განცხადებით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook“-ში შექმნილი ყალბი ანგარიშების მეშვეობით არასრულწლოვნებს უკავშირდებოდა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებული მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას ამყარებდა და შესაბამის მასალებს უგზავნიდა, ხოლო შემდეგ, მუქარის გზით, აიძულებდა არასრულწლოვნებს ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალის გადაღებას და გაგზავნას.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა გრძელდება.