შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიების მონაცემებით, აღნიშნული მოწყობილობების გამოყენებით ადგილობრივები დიდი ოდენობით ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ და ციფრული ვალუტის გენერირებით სისტემატურად იღებდნენ არალეგალურ შემოსავალს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.