მე-17 საუკუნის შუა ხანებში ანგლიკანმა ეპისკოპოსმა, ჯონ უილკინსმა რთული მიზანი დაისახა: მან კომუნიკაციის სრულყოფისთვის გადაწყვიტა, ისეთი ენა შეექმნა, რომელიც სამყაროში არსებულ ყველა კონცეფციას, საგანსა და იდეას სულ რაღაც 40 კატეგორიად დაყოფდა.ამ გზით უილკინსს სურდა, ენა დაეხვეწა და მასში არსებული უწესრიგობა აღმოეფხვრა. ის თვლიდა, რომ სინონიმები, იდიომები და ენის სხვა ელემენტები ხშირად ზუსტად ვერ გადმოსცემდნენ მოსაუბრის სათქმელს და ამის შეცვლა შესაძლებელი იყო.
“ეს ხელოვნური ენა, ბუნებრივი ენებისაგან განსხვავებით, ბუნდოვანი და არაზუსტი არ იქნებოდა. მასში ყოველი ცნება პირდაპირ, სამართლიანად უნდა წარმოჩენილიყო”, — წერს ამერიკელი ლინგვისტი, არიკა ოკრენტი წიგნში, ხელოვნური ენების სამყაროში.დღეს უილკინსის იდეებს ბევრგან შეხვდებით: ბიბლიოთეკათა კლასიფიკაციის სისტემები, ლინეს მცენარეთა და ცხოველთა ტაქსონომია და როჟეს თეზაურუსი სწორედ მათ ემყარება. თუმცა თავად ენა, რომლის არსიც ავტორმა 1668 წლის ნაშრომში, ესე ნამდვილ სიმბოლოთა და ფილოსოფიური ენის შესახებ, ჩამოაყალიბა, სრული მარცხისთვის იყო განწირული.
უილკინსის მიზანი კომუნიკაციის ძირფესვიანად გარდაქმნა და არსებული სისტემის რადიკალურად განსხვავებულით ჩანაცვლება კი არა, ენაში გარკვეული წესრიგის შეტანა გახლდათ. მის თვალში ენა არაპროგნოზირებადი და ტლანქი იყო, ამიტომაც მისი კლასიფიცირება იმ მეცნიერების მსგავსად გადაწყვიტა, რომლებმაც იმავე ხერხი სამეცნიერო რევოლუციის პერიოდში სამყაროს სისტემურად აღწერისთვის გამოიყენეს. როგორც მის ხელნაწერში ვკითხულობთ, “(ზეგავლენისაგან თავისუფალი) ენის მოქნილი და სარგებლიანი ბუნების გამო ადამიანს მისი სწავლისა და გამოყენების სურვილი უჩნდება. მოცემული ნაშრომიც სწორედ ამის მცდელობაა”.უილკინსის 600-გვერდიანი ესე ენის მახასიათებლებისა და ისტორიის ვრცელ ახსნას, ყოველი ცნების თითქმის სრულყოფილ კლასიფიკაციას (ცხოველებისა და მცენარეების დაჯგუფებაში მას მეცნიერები, ფრენსის უილობი და ჯონ რეი დაეხმარნენ) და დაახლოებით 160-გვერდიან ლექსიკონს მოიცავს.
უილკინსის კატეგორიათა სტრუქტურა იმ ტაქსონომიურ კლასიფიკაციას ჰგავს, რომლითაც დღეს ცოცხალ არსებებს ვაჯგუფებთ. 40 ყოვლისმომცველ კატეგორიას მან გვარები უწოდა, რომელთაგან თითოეულში ქვეკატეგორიები — სხვაობანი შედიოდა.
მაგალითად, დისკურსის გვარი სხვაობებად ელემენტებს, სიტყვებს, გრამატიკასა და ლოგიკას შეიცავდა. მათში შედიოდა წინადადებები, გამონათქვამები, სიტყვით გამოსვლები და ეპისტოლეები, რომლებიც დამატებით იყოფოდა კითხვის, პასუხის, დასტურის, უარყოფის, მონანიებისა და აღიარების ქვესახეობებად.
სივრცის გვარს სამი სხვაობა განეკუთვნებოდა: დრო, ადგილი და სიტუაცია. თავის მხრივ, დროის სხვაობა სიახლეს, მოახლოებას, მარადისობასა და უსასრულობას მოიცავდა.თუმცა მსგავსი კატეგორიზაცია თავისთავად ვერ ხსნიდა, როგორ უნდა ყოფილიყო მოცემული სისტემა პრაქტიკაში გამოსადეგი.
უილკინსს სწამდა, რომ ამაზეც ჰქონდა პასუხი. მისი აზრით, ყოველ გვარს, ანუ ყველაზე ვრცელ კატეგორიას, მარტივი და ადვილად გამოსათქმელი მარცვალი უნდა შესაბამებოდა. Do — ლითონებს, Ca — ფიზიკურ მოქმედებებს, Te — ქცევებს… ეს იმას ნიშნავდა, რომ, მაგალითად, To-თი დაწყებული ყველა სიტყვა დაავადებათა გვარიდან იქნებოდა.რაც შეეხება სხვაობებს, უილკინსს სურდა, თითოეულისათვის ნებისმიერი 9 თანხმოვანი რიგის მიხედვით შეესაბამებინა. პირველ სხვაობაში გვარის აღმნიშვნელ მარცვალს B თანხმოვანი მოჰყვებოდა, იმავე კატეგორიის მეორე სხვაობაში — D, მესამეში — G, შემდგომ კი P, T Z, C, S და N.
სხვაობაში შემავალი სახეობების გასარჩევად მოსაუბრე ამ თანხმოვნების შემდეგ 9-იდან რომელიმე ხმოვანს ან დიფთონგს გამოიყენებდა.
უილკინსის ენამ სიმწვანის ან ნებისმიერი სხვა იდეის გამოხატვა გრძელ, შემეცნებით პროცესად აქცია. თუკი ერთი მოსაუბრე იტყოდა ასოთშეთანხმებას Teb, მისი თანამოსაუბრე უნდა მიმხვდარიყო, რომ Te მარცვალი ქცევათა გვარს აღნიშნავდა, B თანხმოვანი კი რიგით პირველ სხვაობას — ზნეობრიობას. ეს, შეიძლება, გამოსათქმელად კი ყოფილიყო მარტივი, მაგრამ გასააზრებლად — ნაკლებად.
უილკინსმა არაერთი გვერდი დაუთმო იმაზე საუბარს, რომელი თანხმოვანი და ხმოვანი სად უნდა ყოფილიყო, ზედსართავი სახელი, ზმნიზედა, აქტიური და პასიური გვარი, ანტონიმები და სხვა გრამატიკული კატეგორიები რომ სწორად გამოეხატა. კლასიფიკაციის მკაცრ სისტემაში მას თითქმის არცერთი ელემენტი არ გამორჩენია.