ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა ლა-მანშის სრუტეში რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი შეაჩერეს.
სტარმერის თქმით, ოპერაცია მისი დავალებით განხორციელდა და რუსეთისთვის კიდევ ერთ დარტყმას წარმოადგენს.
„დღეს დილით ადრე ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დავავალე, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში უწყობს ხელს, რომ დამალვას ვერ შეძლებენ“, – დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ოპერაციაში ჩართულ სამხედროებსა და სამართალდამცველებს.
„მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მათ შორის ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე იცავენ“, – აღნიშნა სტარმერმა.