უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ახალი ეტაპისთვის მზად არის.
მისი თქმით, უკრაინა აქტიურად ემზადება მომდევნო კვირაში ლუქსემბურგსა და ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრებისთვის.
„ვემზადებით მომდევნო კვირის დიპლომატიური მოვლენებისთვის, რომლებიც ძალიან აქტიურად დაიწყება ორშაბათიდან. ევროკავშირმა დაადასტურა თავისი მზაობა, გახსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი, რაც ახალ იმპულსს აძლევს უკრაინას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე “, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ პროგრესის მისაღწევად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა და მადლობა გადაუხადა როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის ინტერესებისთვის მუშაობენ.
„ჩვენ გავაკეთეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ პროგრესისთვის იყო საჭირო. მადლიერი ვარ ყველას, ვინც დაგვეხმარა და ვინც ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობს. უკრაინა მზად არის ექვსივე კლასტერის გასახსნელად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ თემაზე მსჯელობა პარტნიორებთან ყველა ძირითად საერთაშორისო ფორმატში გაგრძელდება, მათ შორის დიდი შვიდეულის, ნატო-სა და ევროკავშირის საბჭოს სამიტებზე.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს იმ ევროპელი ლიდერების შეფასებას, რომელთა თქმითაც, არა მხოლოდ უკრაინას სჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება უკრაინა.