რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული ძალები ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ და უკრაინული შეტევები არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის.
ამის შესახებ პუტინმა ოკუპირებული უკრაინული რეგიონების ე.წ. გუბერნატორებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
„ჩვენი ძალები ინარჩუნებენ სტრატეგიულ უპირატესობას. ისინი თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და ვერცერთი ჭურვი და დრონის დარტყმა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. წინსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. მტერი ვერ ახერხებს ამ თავდასხმის შეკავებას და ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს “,- განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, უკრაინა „ტერორისტულ მეთოდებს“ მიმართავს და დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს.
„ისინი ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.