საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშში „საქართველო – რეპრესიების ანატომია: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ აღნიშნულია, რომ საქართველოში ხელისუფლებამ მოკლე პერიოდში შექმნა „რეპრესიების დახვეწილი სისტემა“.
ანგარიშის მიხედვით, ეს სისტემა მოიცავს დეზინფორმაციას, შემზღუდავ კანონმდებლობას, პოლიციის ძალის გამოყენებასა და სასამართლო პროცესებს, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ და განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურებიან.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით კი სამართალდამცავების მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ასევე აღნიშნულია, რომ 150-ზე მეტი პირი პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების შედეგად დააპატიმრეს.
Amnesty International-ის შეფასებით, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს ხშირად აკავებდნენ და მძიმე ფინანსური სანქციებით აჯარიმებდნენ, მათ შორის გზაზე ან ტროტუარზე დგომის, ნიღბის ტარების ან საჯარო კრიტიკის გამო.
ანგარიშში ასევე საუბარია სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზე, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ზეწოლაზე, მათ შორის ფინანსურ შეზღუდვებსა და სამართლებრივ დევნაზე.
დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის გაზაფხულიდან და განსაკუთრებით მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, სახელმწიფოს მექანიზმები გამოყენებული იყო განსხვავებული აზრის ჩახშობისთვის, ხოლო კრიტიკული ჯგუფები ხშირად „საფრთხედ“ ან „ექსტრემისტებად“ იყვნენ წარმოჩენილი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის ცვლილებები ხშირად დაჩქარებული წესით და ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე მიიღებოდა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, ზღუდავდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ხშირად იყენებდნენ გადაჭარბებულ ძალას, ხოლო სასამართლო სისტემა, ორგანიზაციის შეფასებით, ვერ უზრუნველყოფდა სამართლიანი პროცესების სტანდარტებს.
Amnesty International მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიული პრაქტიკები, უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებულთა უფლებების დაცვა და პასუხისმგებლობა დააკისროს ადამიანის უფლებების დარღვევებზე.