ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ახალი სანქციების სამიზნე რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ის ქსელებია, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, ევროპის წინააღმდეგ მოსკოვის ჰიბრიდულ საქმიანობას უწყობენ ხელს.
სანქციების პაკეტი 34 ფიზიკურ და 47 იურიდიულ პირს მოიცავს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უფრო ფართო, 21-ე სანქციების პაკეტზეც მუშაობს.
„დღეს სანქციების კიდევ ერთი პაკეტი დავამტკიცეთ, რათა რუსეთზე ომის დასრულების მიზნით მეტი ზეწოლა მოვახდინოთ. ამ ზომების სამიზნეა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მისი „ჩრდილოვანი ფლოტი“ და სხვადასხვა ქსელები, რომლებიც ევროპის წინააღმდეგ მოსკოვის ჰიბრიდულ თავდასხმებს ხელს უწყობენ. პარალელურად, 21-ე სანქციების პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა კაია კალასმა.