ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა, რომელიც ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.
დოკუმენტში ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღია რჩება.
ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტი „ღრმა იმედგაცრუებას“ გამოხატავს იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით უკუსვლა დაფიქსირდა.
ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს „2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და „სრული ავტორიტარიზმისკენ სვლის“ გამო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა ცესკო, კომუნიკაციების კომისია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა და სამართალდამცავი უწყებები, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული ზედამხედველობა აკლიათ.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს ვერ მიაღწევს, თუ არ უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ოლიგარქიული გავლენების შემცირებას, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანქციების საკითხს. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიზნობრივი პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ამასთან, ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ, მათ შორის აქტივების გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების სახით.
დოკუმენტი ასევე აკრიტიკებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შევიწროებას და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეაგირება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დღემდე არასაკმარისი იყო. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს კოორდინირებული შემზღუდავი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.