რუსეთის როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში მდებარე ობიექტებზე 18 ივნისის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც გუკოვოში ნავთობბაზასა და შებეკინოს მახლობლად მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რომელიც „ტელეგრამ“ არხებსა და როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის განცხადებას ეყრდნობა, გუკოვოს მცხოვრებლები ღამით აფეთქებების ხმების შესახებ იუწყებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე ნავთობბაზის ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ნავთობის შესანახი ავზებია განთავსებული.

იური სლიუსარის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ასევე, ცეცხლი გაუჩნდა კომერციული დანიშნულების ორ შენობას და დაზიანდა დიზელის ლოკომოტივი.

ამასთან, მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა ბელგოროდის ოლქშიც, შებეკინოს მახლობლად. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე ტერიტორიაზე დრონები შენიშნეს.