საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მისი თხოვნით უკვე პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს მართავს.
სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჟორჟოლიანი პარტიის „ვეტერანებისა და ახალი თაობის თანავარსკვლავედთან“ ერთად მუშაობს. მისივე თქმით, თინა ბოკუჩავა პარტიაში რჩება, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება და პოტენციალი აქვს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანს განიხილავს. ამ განცხადებას თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტი მისთვის მოულოდნელი იყო. მისი შეფასებით, მსგავსი იმპულსური და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები პარტიისთვის პრობლემური აღმოჩნდა.
ამჟამად თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარეა. იგი პარტიის ყრილობამ 2024 წლის 8 ივლისს ორწლიანი ვადით აირჩია, რომლის ამოწურვამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება.