საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“.
“მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დამატებით სტიმულს მისცემს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისტორიულად შეაფასა და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტაჯიკეთის პრემიერს ქართული დელეგაციის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ. ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.