ღრმა შეშფოთებით ვეხმიანებით აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,- ამის შესახებ საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს.

ისინი აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიანად და ობიექტურად გადახედვას მოითხოვენ.

„გიორგი ჩახუნაშვილი არის ცნობილი ექიმი პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება საქართველოს, ქართულ მედიცინას, მეცნიერებას და განათლებას. მისი პროფესიული ბიოგრაფია,საზოგადოებრივი საქმიანობა და პიროვნული ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია. ის იყო ექიმის, პროფესიის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და ჰუმანიზმის მაგალითი. იმის გათვალისწინებით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბატონი გიორგი გარდა, დაპატიმრებულია კიდევ 6 ადამიანი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ 4 ოქტომბრის საქმე საფუძვლიანად და ობიექტურად გადაიხედოს კანონის გათვალისწინებით და ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით. ასევე, მოვითხოვთ სასამართლო პროცესის შესაბამისობის შეფასებას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმის შესწავლას. საერთაშორისო სამედიცინო და აკადემიურ საზოგადოებას მოვუწოდებთ ამ საქმის მონიტორინგში ჩართულობისკენ. მოვითხოვთ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ღირსების და ფუნდამენტური უფლებების სრულ დაცვას სასჯელის აღსრულების პერიოდში.საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია გააგრძელებს მშვიდობიან და დემოკრატიულ საქმიანობას პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილისა და სხვა პატიმართა უფლებების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში.    4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი –  სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება   მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, ყველა მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.