თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ ეპიზოდზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და რვა ბრალდებული – ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე – დამნაშავედ ცნო. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, მათ ხუთ-ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ დეტალურად განმარტა, თუ რა გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო და რატომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.
ტყეშელაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თითქოს მოვლენები პროვოკაციის შედეგი იყო. მოსამართლის შეფასებით, ვიდეოჩანაწერებში ჩანდა, რომ თავისუფლების მოედანზე დაწყებული მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ნაწილს კონკრეტული მოწოდებები ჰქონდა მიღებული პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით გადასაადგილებლად და ისეთი ქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც შემდგომ ძალადობრივ მოვლენებში გადაიზარდა. მისი განმარტებით, არც ერთი პირი არ დაუკავებიათ თავისუფლების მოედანზე, თუმცა ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც აქციის ნაწილი ათონელის სასახლესთან გადავიდა.
სასამართლოს პოზიციის მიხედვით, პრეზიდენტის სასახლე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ შესაბამისი ნებართვით არის შესაძლებელი. სწორედ ამ კონტექსტში გააკეთა მოსამართლემ ფრაზა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო: „ღობე რომც არ ყოფილიყო, იქ არავის ჰქონდა შესვლის უფლება“. მისი თქმით, დაცვის სამსახური მთელი პროცესის განმავლობაში იგერიებდა ჯგუფს, რომელიც ობიექტის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა, ხოლო შეტაკებების შედეგად პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ვიდეომასალებში ჩანდა შემთხვევები, როდესაც აქციის მონაწილეები გადაღების შეწყვეტას ითხოვდნენ, რაც, მისი შეფასებით, საქმის საერთო სურათის ნაწილია.
ბრალდებულებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის. აღნიშნული ეპიზოდი მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ფართო გამოძიებისა, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ დაიწყო. საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა, ხოლო პროკურატურამ ამ დროისთვის საპროცესო შეთანხმება 22 პირთან გააფორმა. კონკრეტულად ამ საქმეში თავდაპირველად 14 ბრალდებული ფიგურირებდა, თუმცა ექვსმა მათგანმა საპროცესო შეთანხმება დადო და სასამართლო დარბაზი თავისუფლებაზე დატოვა.
განაჩენის გამოცხადებამდე ყველაზე ემოციური გამოსვლა ზურაბ ჭავჭანიძეს ეკუთვნოდა, რომელსაც საზოგადოება „ბათუმელი მედროშის“ სახელით იცნობს. ჭავჭანიძემ საკუთარ სიტყვაში ისაუბრა აფხაზეთიდან დევნილობის გამოცდილებაზე, თავისუფლებისთვის ბრძოლასა და პირად ფასეულობებზე. მან განაცხადა, რომ არც ის და არც მის გვერდით მსხდომი ადამიანები ბოროტმოქმედები არ არიან და საკუთარ თავს სამშობლოს პატრიოტად მიიჩნევს. მისი თქმით, ბრალდებულები „უადგილო ადგილას აღმოჩნდნენ“ და დანაშაული არ ჩაუდენიათ. ემოციურ გამოსვლაში მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სიყვარულზე, ერთიან საქართველოზე და იმ განცდაზე, რომ თავისუფლების მნიშვნელობა პატიმრობის პერიოდში კიდევ უფრო მძაფრად გაიაზრა.
ჭავჭანიძემ ასევე დაადასტურა, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა, რადგან მისთვის თავისუფლება ყველაზე დიდი ფასეულობა აღმოჩნდა. თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ ეს ეტაპი უკვე დასრულებული იყო და შეთანხმება მხოლოდ იმ პირებთან გაფორმდა, რომლებმაც შესაბამისი პროცედურა დროულად გაიარეს.
მოსამართლის გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასეს ადვიკატებმა დიმიტრი საძაგლიშვილმა და ლაშა ტყეშელაძემ. მათი თქმით მოსამართლის განცხადებისგან განსხვავებით სამართალდამცველებს 4 ოქტომბერს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ და მათ სამედიცინო დახმარებაც არ დასჭირდათ. ადვოკატები ამბობდნენ რომ მათ ჰქონდათ არასამართლიანი ვერდიქტის მოლოდინი.
შეგახსენებთ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი – ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.