სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნანა სანდერის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის „ცილისმწამებლური“ და „პროვოკაციულია“ და მიზნად N5 პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს.

უწყების ინფორმაციით, ნანა სანდერი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან №5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. განცხადების თანახმად, მას კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებმა გაუწიეს, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის კლინიკაშიც, და უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ყველა სამედიცინო მომსახურებით.

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის, სხვა პირთა უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაძლოა განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი.

უწყების განცხადებით, ნანა სანდერი „პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს“, რის გამოც მის მიმართ ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნანა სანდერი უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი, თუმცა დაწესებულების მაღაზიაში მის მიერ შეძენილია არავეგანური პროდუქტი.

პენიტენციური სამსახური უარყოფს ნანა სანდერის განცხადებას სრული გაშიშვლების შესახებ და აცხადებს, რომ პირადი სრული შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითებით გაიხადოს ან გაიშიშვლოს მხოლოდ სხეულის შესაბამისი ნაწილები, ხოლო სრული გაშიშვლება დაუშვებელია.

უწყების ცნობით, ნანა სანდერის განცხადებების საფუძველზე მონიტორინგის დეპარტამენტმა არაერთი სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც N5 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მისი უფლებების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს მოუწოდებს, თავი შეიკავოს, უწყების შეფასებით, „ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის“ გავრცელებისგან და აცხადებს, რომ მისი ბრალდებების უსაფუძვლობა უწყებაში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, თუმცა მათ გასაჯაროებას, მსჯავრდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არ გეგმავს.