„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია მოითხოვს საწვავის, ელექტროენერგიისა და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან „კორუფციული დანამატის“ ამოღებას.
მისი თქმით, მოთხოვნებს შორის არის ასევე საწვავის აქციზის განახევრება და 2012 წლის „სამართლიან ნიშნულზე“ დაბრუნება.
ფარულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ფასების შემცირებას ჰპირდებოდა, თუმცა რეალურად ქვეყანაში ფასები იზრდება, ხოლო მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.
„ეს არის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ამ სისტემით სარგებლობენ ოლიგოპოლიები და „ქართული ოცნების“ პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც ქართველ ხალხს ძარცვავენ“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს სამი ძირითადი პრობლემა: საწვავის სექტორში არსებული ინტერესები, ენერგეტიკის სფეროში არსებული „კორუფციული სისტემა“ და საბანკო სექტორის გავლენები.
ფარულავამ ასევე განაცხადა, რომ პარტიის შეფასებით, საქართველოში „საბანკო ოლიგარქია“ მოქმედებს, რაც მოქალაქეების შემოსავლების ზრდას აფერხებს.
„ვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიის და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას, საწვავის აქციზის განახევრებას, 33%-ით გაზრდილი დენის ტარიფის შემცირებას და მორატორიუმის გამოცხადებას“, – აღნიშნა ფარულავამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სოფლის პროგრამების გააქტიურება და საბანკო სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება.