„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დასაბრუნებლად საკონსტიტუციო სარჩელის მოსამზადებლად კამპანიას – „ემიგრანტის ხმა“ იწყებს.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგიზ თევზაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, ემიგრანტების საარჩევნო ხმის უფლება ჩამოერთვათ, რაც მისივე თქმით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.
“2024 წლის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ემიგრანტების ხმების მხოლოდ 13.4% მიიღო, ხოლო პარტიული რიგითობის მიხედვით, მეოთხე ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ ცხადი იყო, რომ ემიგრანტებს, რომლებიც ვერ მოისყიდეს, ვერ გატეხეს და რომელთაც შეძლეს საარჩევნო უფლება თავისუფალ გარემოში დაეფიქსირებინათ, საარჩევნო ხმის უფლებას ჩამოართმევდნენ. ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა არის კონსტიტუციის დარღვევა, ასევე იმ ადამიანების ღალატი ვინც ქართული ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორია“, – განაცხადა თენგიზ თევზაძემ.
2025 წლის საარჩევნო ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. საარჩევნო უბნები უცხოეთში აღარ გაიხსნება.