საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნიდან 11 წელი გავიდა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი საფუძველი მშვიდობა და სტაბილურობაა, რასაც, მისი შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური ძალისხმევა უზრუნველყოფს.

„მშვიდობის სადარაჯოზე დგომა ყოველდღიურად მაღალ რისკს უკავშირდება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირი ოფიცრების ხსოვნას.

დღეს, მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების ფონზე, უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა. თუმცა, საფრთხეები არ გამქრალა.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დესტრუქციულ ქმედებებზე მყისიერი რეაგირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.