„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, 5 აგვისტოს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე დასახელდებიან ის პირები, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პარტიას უხელმძღვანელებენ.

მისი თქმით, ამ პერიოდში პარტია მოემზადება თავმჯდომარის შიდა არჩევნებისა და რეგიონული ლიდერების პრაიმერისის ჩასატარებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადადის ჰორიზონტალურ მმართველობაზე. სწორედ ამასთან დაკავშირებით, 5 აგვისტოს ყრილობაზე დამტკიცდება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პარტიის ხელმძღვანელობას განახორციელებენ.

ამ ექვსი თვის განმავლობაში პარტია მოემზადება თავმჯდომარის შიდა არჩევნებისა და, მათ შორის, რეგიონული ლიდერების პრაიმერისის ჩასატარებლად. ჩვენ გვსურს, პარტია იყოს მეტად გახსნილი და ჩვენი ამომრჩეველი აქტიურად იყოს ჩართული მის საქმიანობაში.

შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები პასუხისმგებლობას აიღებენ ამომრჩევლის, მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების წინაშე. ეს პროცესი იქნება შეუქცევადი, ღია და გამჭვირვალე. სწორედ ამას ემსახურება 5 აგვისტოს დაგეგმილი ყრილობა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.