რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი ASTRA ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შუხოვის სახელობის ბელგოროდის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (БГТУ) გაჩნდა, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების აწყობა და ტესტირება მიმდინარეობდა.
ASTRA-ს ცნობით, უნივერსიტეტმა Milandr-ის მიკროპროცესორზე დაფუძნებული დრონების მართვის ავტომატიზებული სისტემა შეიმუშავა.
უნივერსიტეტის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება „სამოქალაქო მიზნებისთვის“ იყო დაგეგმილი, მათ შორის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და გათბობის ქსელების მონიტორინგისთვის, ასევე აეროფოტოგრაფირებისთვის.