გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლევან ქარუმიძეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც მმართველობის, ისე საგარეო ურთიერთობების სფეროში. 2020-2024 წლებში იგი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
სამინისტროს ინფორმაციით, ქარუმიძეს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით, ასევე ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ რამდენიმე სსიპ-ს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
„გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. სააგენტოს მიზანია ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია, საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება.