საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე – 0.4% იყო, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაცია წლიურ ჭრილში 3.8% განისაზღვრა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია – 3.5%.
ყოველთვიური ინფლაცია
საქსტატის ინფორმაციით, ივლისში თვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა შემდეგმა ჯგუფებმა მოახდინა:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები 0.9%-ით შემცირდა, რამაც თვის ინფლაციაზე -0.3 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. გაიაფდა ბოსტნეული და ბაღჩეული (-12.3%), ხილი და ყურძენი (-2.8%), შაქარი და ტკბილეული (-0.8%), უალკოჰოლო სასმელები (-0.5%), ხორცი (-0.3%) და თევზეული (-0.1%). ამავე დროს, გაძვირდა ყავა, ჩაი და კაკაო (2.3%), რძე, ყველი და კვერცხი (2.1%), ზეთი და ცხიმი (1.2%), ასევე პური და პურპროდუქტები (0.7%).
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ფასები 4.9%-ით შემცირდა, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ტანსაცმელი 6.4%-ით, ხოლო ფეხსაცმელი 2.4%-ით გაიაფდა.
- საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სხვა სათბობი – ჯგუფში ფასები 0.8%-ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციას 0.08 პროცენტული პუნქტით დაემატა. გაძვირდა საცხოვრებლის ქირა (2.3%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთება (1.3%).
წლიური ინფლაცია
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაში ძირითადი წვლილი შემდეგმა ჯგუფებმა შეიტანა:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები 4.9%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციას 1.74 პროცენტული პუნქტით დაემატა. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული (18.2%), ხორცი და ხორცპროდუქტები (9.2%), პური და პურპროდუქტები (8.1%), ზეთი და ცხიმი (7.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4%), რძე, ყველი და კვერცხი (4.2%). ამასთან, ბოსტნეული და ბაღჩეული 5.7%-ით გაიაფდა.
- ტრანსპორტი – ფასები 14.2%-ით გაიზარდა, რამაც წლიურ ინფლაციას 1.66 პროცენტული პუნქტი შემატა. გაძვირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (20.1%) და სატრანსპორტო მომსახურება (10.8%).
- საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სხვა სათბობი – ფასები 8.3%-ით გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა. გაძვირდა ელექტროენერგია, აირი და სხვა სათბობი (10.4%), საცხოვრებლის ქირა (8.2%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთება (8.0%).
- ჯანმრთელობის დაცვა – ჯგუფში ფასები 4.7%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციას 0.4 პროცენტული პუნქტით დაემატა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7%), ასევე ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.7%).