ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის დროს ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციებს უზიარებს.
ცენტრის ინფორმაციით, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, მიიღონ საკმარისი რაოდენობით წყალი და თავი აარიდონ ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობა უმჯობესია დღის შედარებით გრილ მონაკვეთში, დილის საათებში შესრულდეს.
ცენტრი განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს და აფრთხილებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება და ოთახების განიავება დილისა და ღამის საათებში.
სპეციალისტების განმარტებით, თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მათივე შეფასებით, კლიმატის ცვლილების ფონზე საქართველოში იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურასთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებასა და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს.