„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა, თანამდებობა დატოვა.
როგორც აბრამიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, ზარდიაშვილი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. მისი თქმით, ამჟამად იგი კუთვნილ შვებულებაში იმყოფება და შვებულების დასრულების შემდეგ სამსახურს დატოვებს.
აბრამიშვილის განცხადებით, ზარდიაშვილის გადაწყვეტილება სემეკის დასკვნას არ უკავშირდება. მისივე შეფასებით, სემეკის დასკვნა ობიექტური არ იყო.
„შვებულებაშია ახლა და მერე წავა. არ მგონია, მისი წასვლა სემეკს უკავშირდებოდეს. სემეკის დასკვნას არ ვეთანხმები, იქ სუბიექტურ მიზეზებზეა საუბარი. ვერ ვიტყვით, რომ ეს ზარდიაშვილის ბრალია, რომელიც მხოლოდ ერთი წელია ამ თანამდებობაზეა. ინფრასტრუქტურული პრობლემები ჩვენს ელექტროგადამცემ ხაზებს ათეულობით წელია აქვს და ეს ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.
სემეკის შეფასება ობიექტური არ იყო და ეს ზარდიაშვილმაც იცოდა, ამიტომ ეს მისი წასვლის მიზეზი ვერ გახდებოდა. როგორც ვიცი, საქართველოში იმყოფება. მას ძალიან ეფექტურ მენეჯერად მივიჩნევ, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში არეული სისტემა დაალაგა და გამჭვირვალე გახადა“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია 2 აგვისტოს გავრცელდა. მედიაში მიზეზად 24-25 ივლისს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიული გათიშვა დასახელდა.
24-25 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.