„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არ უნდა გაბატონდეს „ბოროტი ენა“ და სახელმწიფომ ბილწსიტყვაობისა და ადამიანის ღირსების შელახვის წინააღმდეგ შესაბამისი მექანიზმები უნდა შექმნას.
ქადაგიშვილის თქმით, გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხმყოფელ ქცევას შორის მკაფიო ზღვარი უნდა არსებობდეს.
„იქნება საჯარო თუ სასულიერო პირი, კერძო პირი თუ ორგანიზაცია, ყველას ინტერესშია, ქვეყანაში ბოროტი ენა არ გაბატონდეს. როდესაც მიტინგზე კონკრეტული ადამიანის თუ ინსტიტუციის მისამართით იგინები, ეს გამოხატვის თავისუფლებაა თუ ბილწსიტყვაობა და ხულიგნობა? ამას გასაქანი არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ფორმით შეიძლება აისახოს ეს საკითხი კანონმდებლობაში და რა შინაარსის კანონპროექტი იქნება წარდგენილი პარლამენტში.
ქადაგიშვილის განცხადებით, მისი შეფასებით, არსებობს პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების ღირებულებების შესუსტებას ისახავს მიზნად.
„საზოგადოება, რომელსაც არაფერი წმინდა არა აქვს და არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია, ყოველთვის ადვილად დასამორჩილებელი და სამართავია. ამას შესაბამისი კონტრპოლიტიკის გატარება სჭირდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ბილწსიტყვაობა, ბულინგი და ადამიანის ღირსების შელახვა არ უნდა განიხილებოდეს თავისუფლების გამოხატულებად, თუმცა კანონმდებლობაში შესაბამისი ზღვარი გონივრულად უნდა განისაზღვროს.
„სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ ამ ბოროტებას დაკანონებული სახე მიეცეს და ეს ადამიანებს შორის ურთიერთობისა და საზოგადოების დეგრადაციის გზა გახდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული არაერთი მასალა მომზადდა.