„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე 2024 წლის 11 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში, მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიება განახლდა.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა კვინიკაძე აცხადებს, გამოძიება თავდაპირველად ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 162¹ მუხლის პირველი ნაწილით – საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე – განაგრძო.

მისი თქმით, ნიკა მელია დაახლოებით ორი კვირის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

კვინიკაძის განმარტებით, 2024 წლის 11 აგვისტოს ნიკა მელია სამტრედიაში პარტიული ოფისის გახსნაზე იმყოფებოდა, სადაც დაახლოებით 200 ადამიანს ხვდებოდა, რა დროსაც მასზე თავდასხმა განხორციელდა.

ადვოკატის თქმით, საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პირი, რომელიც მელიას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარებოდა, ასევე, როგორც მისთვის ცნობილია, ცოტნე მირცხულავაც, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მისი შეფასებით, რეალური საგამოძიებო მოქმედებები ფაქტიდან თითქმის ორი წლის შემდეგ დაიწყო.

როგორც კვინიკაძე აცხადებს, გამომძიებლები ორი კვირის წინ ნიკა მელიასთან ისე მივიდნენ, რომ ამის შესახებ ადვოკატებისთვის წინასწარ არ უცნობებიათ. მისი თქმით, მელია ფორმალურად მოწმის სტატუსით გამოიკითხა, თუმცა დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ადვოკატის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს, დაიწყო. მოგვიანებით კი პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება ახლა სისხლის სამართლის კოდექსის 162¹ მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვინიკაძის შეფასებით, თავდაპირველი კვალიფიკაცია არასწორი იყო, რადგან, მისი თქმით, ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოხდა. ამასთან, ის ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების არგუმენტს, რომლის მიხედვითაც საქმის გაჭიანურება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის მოლოდინმა გამოიწვია.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც, ადვოკატის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავე ჩადენილ ქმედებას თავადაც აღიარებს, ექსპერტიზის დასრულების მოლოდინი აუცილებელი არ იყო და მისი დასკვნის საქმეზე მოგვიანებით დართვაც შეიძლებოდა.

„ამიტომ, ყველა საგამოძიებო მოქმედება დაგვიანებულია. გამოძიების მიზანი უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი პირის რაც შეიძლება სწრაფად დადგენა და მისი პასუხისგებაში მიცემა. ამ საქმეში გამოძიებამ ეფექტიანობა უკვე დაკარგა. შედეგი რა იქნება, ვერ გეტყვით. თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ეს ჩვენებაშიც დაფიქსირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს, თუმცა ზედამხედველობას პროკურატურა ახორციელებს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც სწორედ ის იღებს. რეალური საგამოძიებო მოქმედებები ახლა დაიწყო,“ – განაცხადა ბექა კვინიკაძემ.