საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ გარდაბნის“ მწვრთნელმა, საქართველოს დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარების მიზნით, ნიგერიის მოქალაქე ამავე საფეხბურთო კლუბში ფიქტიური ხელშეკრულებით დაასაქმეს, რის სანაცვლოდაც მისგან 3 000 აშშ დოლარი აიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.