რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასო ხდება. ამასთან, რუსთაველის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში განთავსებული კომერციული ფართების მოიჯარეებს რეაბილიტაციის პერიოდში საიჯარო გადასახადი არ დაეკისრებათ.
„საუბარია რუსთაველის გამზირის №37-ზე, პირველი გიმნაზიის წინ, ოპერასთან და თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილზე განთავსებულ კომერციულ ფართებზე“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მთაწმინდის რაიონის 28 ქუჩაზე დროებით გაითიშა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს პარკირებით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ შემდეგ ქუჩებზე: თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, შენგელაიას, ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას, აბაშიძის, ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ბესიკის, ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.