ევროკავშირმა 3 აგვისტოს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების საფუძველზე 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის არაგეგმური მოგება მიიღო, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული.

ევროკომისიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ამ ტიპის უკვე მეხუთე ტრანსფერია. მას წინ უძღოდა მეოთხე გადარიცხვა, რომელიც 2026 წლის მარტში განხორციელდა. მიმდინარე ტრანში 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში დაგროვილ შემოსავალს მოიცავს.

ევროკომისიის ცნობით, რუსეთის აქტივების გაყინვის შემდეგ მიღებულმა არაგეგმურმა მოგებამ ჯამში 8 მილიარდ ევროს მიაღწია.

„რუსეთმა მის მიერ გამოწვეული ნგრევისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ ვიყენებთ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს, რათა უზრუნველვყოთ ეს. დამატებით 1.4 მილიარდ ევროს უკრაინას გადავცემთ, რაც მას რუსეთის უკანონო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის განმარტებით, აღნიშნული თანხები მოდის რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლებისგან. თავად აქტივები კვლავ გაყინულ მდგომარეობაში რჩება, თუმცა მათზე დაგროვილი ფულადი ნაშთებიდან მიღებული შემოსავალი რუსეთის საკუთრებად არ განიხილება.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ აღნიშნული წმინდა მოგება უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოყენებულიყო.