პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის მიმართულებით არანაირი მითითება არ ჰქონია და, მისი თქმით, მაშინ არსებული პოლიტიკა ურთიერთობების დალაგებას ითვალისწინებდა.

„მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის შეკვეთა არ ჰქონდა  პირიქით, მას ურთიერთობის მოგვარების, დალაგების და რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიღების შეკვეთა ჰქონდა. მაშინ ასეთი იყო შეკვეთა, დღეს კი სულ სხვა შეკვეთაა. მსოფლიო კონიუნქტურა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსეთთან მიმართებით სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის მიმართულებით საკმარისი ნაბიჯები არ გადადგა.

ვოლსკიმ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელიც, მისი შეფასებით, რუსეთს პასუხისმგებლობას არ აკისრებდა და ქართველი სამხედროების მიმართ უსამართლო შეფასებებს შეიცავდა.

„ომის დასრულების შემდეგ, როცა ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები ჯერ კიდევ გაციებული არ იყო, ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი იძულებული გახდა საქართველოში შემოსულიყო და ყველაფერი, რაც მოხდა, ქართველი ჯარისკაცების ბრალი იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთთან მიმართებით სამართლებრივი დავები და საერთაშორისო სასამართლოებში პროცესები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს არგუმენტი, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას ატარებს.

„2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რა ნაბიჯი გადადგა, რომელმაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის გასატარებლად რაიმე უპირატესობა შესძინა? ხელისუფლებამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ევროკავშირის სტანდარტს დაუპირისპირდა?“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე იცვლება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოქმედებაც.

„მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია. მსოფლიო კონიუნქტურა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.