ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდამ მასთან დაგეგმილ შეხვედრაზე უარი განაცხადა.

კაკაბაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ გაუჩინარებული მოზარდის საქმეზე მას გურამ დადიანიძის მამიდასთან მნიშვნელოვანი კითხვები აქვს. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე სიმართლე საბოლოოდ მაინც დადგინდება.

„მთელი საქართველო შეძრულია გურამ დადიანიძის საქმით. 17 წლის ბიჭი დაიკარგა და 12 წელია არაფერი გარკვეულა. რამდენიმე დღეა ამ საქმეზე მუშაობა დავიწყე და ყოველდღიურად ახალ გარემოებებს ვაწყდები. დღეს უნდა შევხვედროდი გურამის მამიდას, მასთან მნიშვნელოვანი კითხვები მაქვს, თუმცა დილით განაცხადა, რომ ჩემთან შეხვედრაზე უარს ამბობს“, – წერს კაკაბაძე.

ადვოკატის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ სურს დაკარგული მოზარდის ოჯახის წევრს გამოძიების პროცესში თანამშრომლობა.

„ამ საქმეზე ადრე თუ გვიან მაინც გაირკვევა სიმართლე. ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ხელს უშლის გურამის დაკარგვის შესახებ სიმართლის დადგენას“, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

მისივე თქმით, საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს დამატებით ინფორმაციას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიით იმყოფებოდა. მისი კვალის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა და საქმე გაუხსნელად ითვლება.

გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, წლებია შვილის პოვნაში დახმარებას ითხოვს. გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ცოტა ხნის წინ ჩაერთო.